Wednesday, April 27, 2016

ძველი ცივილიზაცია

                                                                       ურარტუ


ურარტუ — ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა ძვ. წ. IX-VI საუკუნეებში. ურარტუ მდებარეობდა ვანის ტბის მიდამოებში (დღევანდელი თურქეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე). დედაქალაქი ტუშფა (ახლანდელი ქ. ვანი, თურქეთში). ურარტუ ამ ქვეყნის ასურული სახელწოდებაა, თავად ურარტელები საკუთარ ქვეყანას "ბიაინილს" უწოდებდნენ[1].

მისი ძლიერების პიკში ურარტუ ჩრდილო მესოპოტამიიდან სამხრეთ კავკასიამდე იშლებოდა, მოიცავდა რა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას სევანის ტბამდე. ურარტუს ციხესიმაგრეების ნაშთები შემორჩენილია ვანში, არმავირში, ერებუნში (დღევენადელი ერევანი), ანზაფში, კავუსტეპსა და ბაშკალეში.

   
 ისტორია

მითანის სამეფოს არსებობის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეული) ურარტუელები მის შემადგენლობაში შედიოდნენ, მისი დაცემის შემდეგ კი (ძვ. წ. XIII საუკუნე) დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ძვ. წ. XIII-XI საუკუნეებში ისინი არაერთხელ გახდნენ მეზობელი ასურელების შემოსევის ობიექტი. ძვ. წ. IX საუკუნეში ამ თავდასხმათა გაძლიერებამ ბიძგი მისცა ურარტელთა დიდი გაერთიანების - ურარტუს სამეფოს შექმნას, რომლის პირველ მეფედ დასახელებულია არამე. მისი მემკვიდრე სარდური I განაგრძობდა ასურელებთან ბრძოლას და დიდი სააღმშენებლო სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქ ტუშფაში. მასვე განეკუთვნება ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი, ჯერ კიდევ ასურულ ენაზე შედგენილი წარწერები. მის მემკვიდრე იშფუინის წარწერები უკვე ურარტულ ენაზე აქვს შედგენილი.

ძვ. წ. IX საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის I ნახევარს ურარტუ ძლიერი სახელმწიფოა. ამ დროს მეფობდნენ მენუა, არგიშთი I, სარდური II. ურარტუმ დიდი ტერიტორია წაართვა ასურეთს ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და ჩრდილოეთ სირიაში. ურარტუს დაემორჩილნენ ხუბუშქია (ვანის ტბის სამხრეთით), მუსასირი, მანა (ურმიის ტბის რაიონში), ჩრდილოეთშიც-ამიერკავკასიაში დაიპყრო დიდი ტერიტორია. არარატის ველზე, ააგეს ციხესიმაგრეები მენუახინილი (არარატის მთასთან), არგიშთიხინილი (გვიანდელი არმავირი) და ერებუნი (არინბერდი, ქ. ერევნის განაპირას).


ერებუნის გალავანი, სომხეთი
განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლა ჩრდილოეთში ურარტუსა და დიაოხს (ტაოხი, ტაო) შორის, რომელიც არგიშთის დროს დიაოხის სრული განადგურებით დამთავრდა. სარდური II ამ რაიონში უკვე ებრძოდა კიდევ უფრო ჩრდილოეთ გაერთიანებას - კოლხას.

წარმატებული ომების შედეგად ურარტუში თავი მოიყარა დიდძალმა ნადავლმა, მოჰყავდათ ტყვე-მონებიც, რომლის ნაწილს ოჯახებითურთ მიწაზე ასახლებდნენ, ზოგჯერ სამხედრო სამსახურსაც აკისრებენ, ზოგს კი უფრო მძიმე სამუშაოზე იყენებდნენ. მეფის ხელში იყრიდა თავს მონების დიდი ნაწილი, ერთი ნაწილი კი "მეომრებს" მიჰყავდათ და საშინაო მეურნეობაში იყენებდნენ. მატერიალური დოვლათის მწარმოებელთა ძირითად მასა მაინც რიგითი თავისუფლები - მეთემეები და დამოკიდებული მიწათმოქმედნი შეადგენდნენ. ურარტუში ფართო სამეურნეო საქმიანობა იყო გაშლილი. წარწერებში ხშირად არის ლაპარაკი მარცვლეულისა და ღვინის საწყობების აგების შესახებ, სადაც გროვდებოდა ხარკი და გადასახადები. ასეთი ნაგებობები იქმნებოდა ურარტუს ციხესიმაგრეებთან. პრივილეგიური წოდების უმაღლეს ფენას სამეფო გვარი წარმოადგენდა. დიდი ძალა ჰქონდათ სახელმწიფოში ცალკეული ოლქების მმართველებს, რომლებიც ურარტუს დასუსტების ხანაში, ძვ. წ. VIII საუკუნის დასარულს ხშირად აწყოდნენ აჯანყებებს მეფის წინააღმდეგ.

ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ III-მ ძვ. წ. VIII საუკუნის 40-30 წლებში რამდენიმეჯერ დაამარცხა ურარტუს მეფე სარდური II და წაართვა ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და ჩრდილოეთ სირიის მრავალი რაიონი, ხოლო 714 ლაშქრობის შედეგად ასურეთის მეფემ სარგონ II-მ შეავიწროვა ურარტუს პოზიციები ურმიისპირა რაიონში (ამ დროს ურარტუში მეფობდა რუსა I). ამ მარცხს წინ უსწრებდა ურარტელების სასტიკი დამარცხება VIII საუკუნის 20-იან წლებში ჩრდილოეთიდან შემოჭრილ კიმერიელებთან ბრძოლაში.




No comments:

Post a Comment