Wednesday, April 27, 2016

ჰელსინკის შეთანხმება

                                                     ჰელსინკის შეთანხმება

ჰელსინკის დეკლარაციას 1975 წლის 1 აგვისტოს 35-მა სახელწიფომ მოაწერა ხელი - მათ შორის, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ, კანადამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა.

ჰელსინკის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია, 1975 წლის აგვისტო


ეს ისტორიული აქტი თავდაპირველად განიხილებოდა როგორც საბჭოთა კავშირის დიპლომატიური გამარჯვება. მართლაც, მისი ინიციატორები სწორედ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები გახლდნენ, რომლებიც მსგავსი დოკუმენტის შექმნის ინიციატივით პირველად ჯერ კიდევ 1965 წელს გამოვიდნენ.

ჰელსინკის დეკლარაციით მსოფლიომ ერთგვარად ცნო ევროპის დაყოფა დასავლურ და საბჭოთა გავლენის სფეროებად. ამ დოკუმენტის მიხედვით, მისი ხელმომწერნი ცნობდნენ ევროპას ისეთს, როგორიც ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო, რაც თავისთავად ნიშნავდა საბჭოთა კავშირის კონტროლს ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის რესპუბლიკებზე, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა დოკუმენტის ხელმოწერამდე ხაზგასმით განაცხადა, რომ არ ცნობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანექსიას.

დასავლეთს სურდა ცივი ომის დაძაბულობის განმუხტვა. საბჭოთა კავშირს კი საზღვრების განმტკიცების გარდა, სხვა ინტერესებიც ჰქონდა. ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში ფრიდონ საყვარელიძე ამბობს, რომ ეს, დიდწილად, ეკონომიკას ეხებოდა.

დუბლინის ევროპის ინსტიტუტის დირექტორი დენიელ ტომასი, რომელიც, ამავე დროს, გახლავთ ავტორი წიგნისა ჰელსინკის დეკლარაციის ეფექტის შესახებ, ამბობს, რომ ლეონიდ ბრეჟნევი ბოლომდე კმაყოფილი ამ ხელშეკრულებით არ ყოფილა. მან ამ კონფერენციაზე მიიღო, რაც სურდა, მაგრამ, ამასთან ერთად, მიიღო ისეთი რამეებიც, რაც არ უნდოდა და რასაც არც ელოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოუწია მიეღო. იმედოვნებდა, რომ არავინ შეამჩნევდა ან ისარგებლებდა ამით, - ამბობს ტომასი.

აი, რა იყო ის, რაც ბრეჟნევს არ უნდოდა: ჰელსინკის აქტის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების პრინციპები, იგივე „ჰელსინკის დეკალოგი“, 10 პუნქტს შეიცავდა: სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, ჩაურევლობა საშინაო საქმეებში და ასე შემდეგ. მეშვიდე პუნქტი კი განსაზღვრავდა ადამიანის უფლებებს, მათ შორის, სიტყვის, სინდისის და გადაადგილების თავისუფლებას. ამ მეშვიდე პუნქტის ეფექტზე ლაპარაკობს ფრიდონ საყვარელიძეც. ის ამბობს, რომ, ცხადია, საბჭოთა კავშირი, ადამიანის უფლებების მხრივ, არაფრის გამოსწორებას არ გეგმავდა, მაგრამ ჰელსკინის აქტის ხელმოწერას აღმოსავლეთ ბლოკში დისიდენტური მოძრაობების გააქტიურება მოჰყვა.

უკვე 1976 წლიდან, ჩეხოსლოვაკიიდან საქართველომდე - მთელ საბჭოთა ბლოკში - ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდა დისიდენტური ორგანიზაციები, რომლებიც თავს სწორედ ჰელსინკის შეთანხმების ხელშემწყობ ორგანიზაციებს უწოდებდნენ. დენიელ ტომასი ამბობს, რომ 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებასა და 15 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაცემას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ის ამბობს, რომ კომუნიზმის დაცემა კომპლექსური მოვლენა იყო და არ შეიძლება მისი დაკავშირება მხოლოდ ერთ მიზეზთან. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მთავრობებმა აღიარეს, ადამიანის უფლებების დაცვის მაჩვენებელი საერთაშორისო განხილვის საგანიაო, საბჭოთა ბლოკში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას დაეხმარა. ტომასის აზრით, სწორედ ამან შეცვალა დროთა განმავლობაში აღმოსავლეთის ბლოკში სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობა და საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთპარტიული მმართველობის დასრულებას შეუწყო ხელი.

არადა, კიდევ ერთხელ, 35 წლის წინ მიიჩნეოდა, რომ ჰელსინკის შეთანხმება საბჭოთა დიპლომატიის გამარჯვება გახლდათ.

გერმანიის გაერთიანება

                                                          გერმანიის გაერთიანება 
გერმანიის გაერთიანება როგორც ფაქტი ოფიციალურად მოხდა 1871 წლის 18 იანვარს, ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში, საფრანგეთში. საფრანგეთ-პრუსიის ომში საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ, გერმანული ქალაქების პრინცები იქ შეგროვდნენ რათა ვილჰელმ I პრუსიიდან გამოეცხადებინათ გერმანიის იმპერიის იმპერატორად. არაოფიციალურად გერმანულ ენოვანი მოსახლეობის გაერთიანების პროცესი უკვე ერთი საუკუნე იყო რაც მიმდინარეობდა.


გერმანია დღეს და გერმანია 1871-1918 წლისთვის


საღვთო რომის იმპერია რომელიც მოიცავდა 300-ზე მეტ დამოუკიდებელ ქვეყანას, მესამე კოალიციის ომში ფრანც II-ს დამარცხების შედეგად დაიშალა. მიუხედავად პოლიტიკური, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო განცალკევებისა, ძველი იმპერიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ხალხებს ჰქონდათ საერთო ენა, კულტურა და ტრადიციები, რომლებიც რევოლუციური და ნაპოლეონის ომებისა შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდა. ევროპულმა ლიბერალიზმა გამოაჩინა მმართველობის დინასტიური და აბსოლუტური მონარქიის მოდელებიდან უფრო თანამედროვე სოციალურზე ცვლილების შესაძლებლობა.

ნაპოლეონის ომების შემდეგ გამართულ ვენის კონგრესზე (1814-1815 წლები) წარმოქმნილმა გავლენის სფეროებმა ცენტრალურ ევროპაში პრუსიის დომინირება გამოკვეთა, რამაც გერმანულ სახელმწიფოებზე გავლენისთვის ავსტრია-პრუსიის მეტოქეობა გამოიწვია. ეს იძლეოდა გერმანიის განვითარების ორ შესაძლებლობას: Kleindeutsche Lösung - მცირე გერმანია (გერმანია ავსტრიის გარეშე) და Großdeutsche Lösung - დიდი გერმანია (გერმანია ავსტრიით).


ისტორიკოსები კამათობენ იმაზე, ჰქონდა თუ არა ოტო ფონ ბისმარკს გეგმაში ჩრდილო გერმანიის კავშირის გაფართოება და დამოუკიდებელი გერმანელი ქვეყნების გაერთიანება თუ მას უბრალოდ უნდოდა პრუსიის ძალაუფლების გავრცელება. თუმცა თანხმდებიან იმ საკითხში რომ მისმა რეალურმა პოლიტიკამ მოახდინა XIX საუკუნის პოლიტიკის და სახელმწიფო მოწყობის შეცვლა. დანიურმა და ფრანგულმა ნაციონალიზმმა ასევე ნაპოლეონის ომებმა (განსაკუთრებით ექვსი ერის ომი) და პრუსიის სამხედრო და ეკონომიკურმა ძლიერებამ გამოიწვია გერმანიის საკითხის მცირე გერმანიის სასარგებლოდ გადაწყვეტა, რომელიც საბოლოოდ 1871 წელს დამტკიცდა.

ძველი ცივილიზაცია

                                                                       ურარტუ


ურარტუ — ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა ძვ. წ. IX-VI საუკუნეებში. ურარტუ მდებარეობდა ვანის ტბის მიდამოებში (დღევანდელი თურქეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე). დედაქალაქი ტუშფა (ახლანდელი ქ. ვანი, თურქეთში). ურარტუ ამ ქვეყნის ასურული სახელწოდებაა, თავად ურარტელები საკუთარ ქვეყანას "ბიაინილს" უწოდებდნენ[1].

მისი ძლიერების პიკში ურარტუ ჩრდილო მესოპოტამიიდან სამხრეთ კავკასიამდე იშლებოდა, მოიცავდა რა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას სევანის ტბამდე. ურარტუს ციხესიმაგრეების ნაშთები შემორჩენილია ვანში, არმავირში, ერებუნში (დღევენადელი ერევანი), ანზაფში, კავუსტეპსა და ბაშკალეში.

   
 ისტორია

მითანის სამეფოს არსებობის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეული) ურარტუელები მის შემადგენლობაში შედიოდნენ, მისი დაცემის შემდეგ კი (ძვ. წ. XIII საუკუნე) დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ძვ. წ. XIII-XI საუკუნეებში ისინი არაერთხელ გახდნენ მეზობელი ასურელების შემოსევის ობიექტი. ძვ. წ. IX საუკუნეში ამ თავდასხმათა გაძლიერებამ ბიძგი მისცა ურარტელთა დიდი გაერთიანების - ურარტუს სამეფოს შექმნას, რომლის პირველ მეფედ დასახელებულია არამე. მისი მემკვიდრე სარდური I განაგრძობდა ასურელებთან ბრძოლას და დიდი სააღმშენებლო სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქ ტუშფაში. მასვე განეკუთვნება ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი, ჯერ კიდევ ასურულ ენაზე შედგენილი წარწერები. მის მემკვიდრე იშფუინის წარწერები უკვე ურარტულ ენაზე აქვს შედგენილი.

ძვ. წ. IX საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის I ნახევარს ურარტუ ძლიერი სახელმწიფოა. ამ დროს მეფობდნენ მენუა, არგიშთი I, სარდური II. ურარტუმ დიდი ტერიტორია წაართვა ასურეთს ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და ჩრდილოეთ სირიაში. ურარტუს დაემორჩილნენ ხუბუშქია (ვანის ტბის სამხრეთით), მუსასირი, მანა (ურმიის ტბის რაიონში), ჩრდილოეთშიც-ამიერკავკასიაში დაიპყრო დიდი ტერიტორია. არარატის ველზე, ააგეს ციხესიმაგრეები მენუახინილი (არარატის მთასთან), არგიშთიხინილი (გვიანდელი არმავირი) და ერებუნი (არინბერდი, ქ. ერევნის განაპირას).


ერებუნის გალავანი, სომხეთი
განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლა ჩრდილოეთში ურარტუსა და დიაოხს (ტაოხი, ტაო) შორის, რომელიც არგიშთის დროს დიაოხის სრული განადგურებით დამთავრდა. სარდური II ამ რაიონში უკვე ებრძოდა კიდევ უფრო ჩრდილოეთ გაერთიანებას - კოლხას.

წარმატებული ომების შედეგად ურარტუში თავი მოიყარა დიდძალმა ნადავლმა, მოჰყავდათ ტყვე-მონებიც, რომლის ნაწილს ოჯახებითურთ მიწაზე ასახლებდნენ, ზოგჯერ სამხედრო სამსახურსაც აკისრებენ, ზოგს კი უფრო მძიმე სამუშაოზე იყენებდნენ. მეფის ხელში იყრიდა თავს მონების დიდი ნაწილი, ერთი ნაწილი კი "მეომრებს" მიჰყავდათ და საშინაო მეურნეობაში იყენებდნენ. მატერიალური დოვლათის მწარმოებელთა ძირითად მასა მაინც რიგითი თავისუფლები - მეთემეები და დამოკიდებული მიწათმოქმედნი შეადგენდნენ. ურარტუში ფართო სამეურნეო საქმიანობა იყო გაშლილი. წარწერებში ხშირად არის ლაპარაკი მარცვლეულისა და ღვინის საწყობების აგების შესახებ, სადაც გროვდებოდა ხარკი და გადასახადები. ასეთი ნაგებობები იქმნებოდა ურარტუს ციხესიმაგრეებთან. პრივილეგიური წოდების უმაღლეს ფენას სამეფო გვარი წარმოადგენდა. დიდი ძალა ჰქონდათ სახელმწიფოში ცალკეული ოლქების მმართველებს, რომლებიც ურარტუს დასუსტების ხანაში, ძვ. წ. VIII საუკუნის დასარულს ხშირად აწყოდნენ აჯანყებებს მეფის წინააღმდეგ.

ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ III-მ ძვ. წ. VIII საუკუნის 40-30 წლებში რამდენიმეჯერ დაამარცხა ურარტუს მეფე სარდური II და წაართვა ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და ჩრდილოეთ სირიის მრავალი რაიონი, ხოლო 714 ლაშქრობის შედეგად ასურეთის მეფემ სარგონ II-მ შეავიწროვა ურარტუს პოზიციები ურმიისპირა რაიონში (ამ დროს ურარტუში მეფობდა რუსა I). ამ მარცხს წინ უსწრებდა ურარტელების სასტიკი დამარცხება VIII საუკუნის 20-იან წლებში ჩრდილოეთიდან შემოჭრილ კიმერიელებთან ბრძოლაში.